2014 წლის 3 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიუროს უფროსი გიორგი თვაური აშშ-ს ელჩს საქართველოში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა.შეხვედრაზე გიორგი თვაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ბიუროში დანერგილი სიახლეები და მიღწევები გააცნო, ასევე საუბარი იყო მიმდინარე პროექტებზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.
საპატიო სტუმრებმა ექსპერტიზის ბიუროს შენობა და თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორიები დაათვალიერეს. მათ შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ლაბორატორიების საქმიანობას და ულტრათანამედროვე მეთოდებს.
ექსპერტიზის ბიუროს მატერიალურ ტექნიკური ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, აქ მომუშავე პერსონალი კი მაღალკვალიფიციური, ისინი ყოველთვიურად გადიან სპეციალურ ტრენინგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
რეგიონის მასშტაბით ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, აქ 400-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა იწარმოება. ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025-ის მიხედვით, აქ დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომავალში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.