Image2014 წლის 12 სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტაჟიორთა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს ბიუროს ადმინისტრაციის უფროსი თამარ მელაშვილი შეხვდა.

ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა 20 ბაკალავრი და მაგისტრანტი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ბიუროს სხვადასხვა დეპარტამენტებში გაივლიან სტაჟირებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა და დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მნიშვნელოვანია ექსპერტიზის სფეროში საქმიანობისთვის.

ახალგაზრდები სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:

• კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი (ავტოტექნიკური, ფონოსკოპიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექპერტიზა).

• საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტი (საინჟინრო ექსპერტიზა, სამშენებლო ექსპერტიზა).

• ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზა).

• ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი.

• სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი.

• საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტი (ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი; ინფორმაციული ტექნოლოგიები).

წლის ბოლოს საუკეთესო სტაჟიორები  ბიუროში დასაქმდებიან. მათთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

ქსპერტიზის ბიურო მუდმივად განვითარების პროცესშია, აქ ყოველდღიურად ინერგება მსოფლიოს საექსპერტო სფეროში გავრცელებული უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდიკები, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპეციალისტების მოძიება, მათი გადამზადების და შემდგომში დასაქმების მიზნით.

ბიურო ასევე აქტიურად არის ჩართული საჯარო უწყებებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ათეულობით სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, ზოგიერთ სფეროში წამყვან პოზიციას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორისაც ინარჩუნებს.