Image2014 წლის სექტემბრიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტაჟირების ერთწლიან პროგრამას იწყებს. წლის ბოლოს საუკეთესო სტაჟიორები დასაქმდებიან ბიუროში. მათთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

სტაჟირების პირობებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 15 ივლისს  გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge . კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს, რომელიც აკმაყოფილებს ბიუროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.

სტაჟირება ცხადდება შემდეგ დეპარტამენტებში:

• კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი (ავტოტექნიკური, ფონოსკოპიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექპერტიზა).

• საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტი (საინჟინრო ექსპერტიზა, სამშენებლო ექსპერტიზა).

• ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზა).

• ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი.

• სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი.

• საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტი (ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი; ინფორმაციული ტექნოლოგიები).

კონკურსში გამარჯვებული პირები ექსპერტიზის ბიუროში სტაჟირებას 1 წლის განმავლობაში გაივლიან, რომლის ხანგრძლივობაც განიზასღვრება ყოველდღიურად სამუშაო საათების განმავლობაში (09:30-18:30 საათამდე).

ბიუროს კომისიის მიერ გამოვლენილ პირებს საშუალება ექნებათ ექსპერტიზის ბიუროში გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა კონკრეტულ სპეციალობებში და მიიღონ გამოცდილება ბიუროს კვალიფიციური ექსპერტებისგან. 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, ზოგიერთ სფეროში წამყვან პოზიციას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორისაც ინარჩუნებს.

ექსპერტიზის ბიურო მუდმივად განვითარების პროცესშია, აქ ყოველდღიურად ინერგება მსოფლიოს საექსპერტო სფეროში გავრცელებული უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდიკები, სწორედ ამ ნიშნით გახლავთ ბიურო სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრული წევრი.