Image2014 წლის 1 ივლისს ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის პირველი მდივანი ქეროლ პერესი და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის (INL) დირექტორი აარონ ფიშმანი ესტუმრნენ.

უცხოელ სტუმრებს ბიუროს უფროსი გიორგი თვაური პირადად შეხვდა. საპატიო სტუმრებმა  ახლადგარემონტებული სამედიცინო ექსპერტიზის შენობა და თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორიები დაათვალიერეს.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის (INL) და ბიუროს შორის არსებულ ურთიერთობებზე, აქტუალურ საკითხებზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.

უკვე წლებია INL-ი წარმატებულად თანამშრომლობს ექსპერტიზის ბიუროსთან. ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით არაერთი პროექტი განხორციელდა.

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი მთლიანად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ახალი შენობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის (INL) და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო.

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად კვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალი მუშაობს. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში განთავსებული უახლესი დანადგარები ამერიკული და ევროპული წარმოებისაა, რომელიც მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტისთვის არის განკუთვნილი.