2014 წლის 10 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სომხეთის ექსპერტიზის ცენტრიდან დელეგაცია ესტუმრა.ბიუროს უფროსი გიორგი თვაური სომხეთის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელს მგერ ვარდანიანს შეხვდა და ექსპერტიზის ბიუროში უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა.
ოთხ კაციანი დელეგაცია თბილისს სამუშაო-გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სომეხმა კოლეგებმა ასევე საინჟინრო და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტები მოინახულეს.
ექსპერტიზის ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა და სომხეთის ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელმა მგერ ვარდანიანმა ორი ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და კონკრეტული სამოქმედო გეგმაც დასახეს.
ბიუროს ქართველ კოლეგებს შეხვდნენ ქიმიურ-ფიზიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი არსენ აზიზიანი, ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ვაგე გრიგორიანი და ექსპერტიზის ცენტრის მთავარი ექსპერტი კარენ აბრამიანი. შეხვედრის დროს საუბარი იყო იმ სიახლეებზე და ინოვაციებზე, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ბიუროში დაინერგა.
სომხური დელეგაცია თბილისს 11 ივნისს დატოვებს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონის მასშტაბით წამყვანი საექსპერტო დაწესებულებაა. 2011 წლიდან ის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრია. ბიურო აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის მიხედვით.