ძვირფასო სტუმრებო,ქალბატონებო და ბატონებო,
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სახელით, როგორც ბიუროს უფროსს მაქვს პატივი რიგით 38-ე ENFSI-ის დნმ-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გახსნილად გამოვაცხადო. მე მინდა ყველას გულითადად მოგესალმოთ, რადგან ENFSI-ის დნმ-ის კონფერენციას ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ ქ. თბილისში. რომელიმე თქვენთაგანისათვის ეს შეიძლება პირველი ვიზიტი იყოს საქართველოში და იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული კონფერენცია ნაყოფიერი და საინტერესო იქნება და თქვენ კმაყოფილები დარჩებით აქ მიღებული გამოცდილებით.
ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მყარად ვდგავართ ერთ პოზიციაზე, როდესაც ვაღიარებთ დნმ-ის ლაბორატორიის მნიშვნელობას დანაშაულის გახსნასთან მიმართებაში, მიუხედავად მისი სირთულისა ან/და კვლევის ხანგრძლივობისა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, თავის პარტნიორებთან და ENFSI-ის წევრებთან ერთად, მტკიცედ აფიქსირებს თავის ვალდებულებას ხარისხისა და სანდოობის გასაუმჯობესებლად.
ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიზიაროთ გამოცდილება, მივიღოთ ინფორმაცია უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, დნმ-ის კვლევის თანამედროვე მეთოდებზე და მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე ENFSI-ის წევრ ლაბორატორიებში. მსგავსი კონფერენციები სასიცოცხლოა იმისათვის, რომ მივიღოთ ზუსტი გადაწყვეტილება, ახალ რჩევებს და რეკომენდაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო მიღწევების პრაქტიკაში განსახორციელებლად დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიზნით.
ჩვენ საქართველოში ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ აქტიურად ჩავებათ საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლის ერთიან სისტემაში. ამასთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო, რომ 2012 წლიდან ბიუროში ფუნქციონირებს CODIS-ის მონაცემთა ბაზა, რომელიც ჩვენ და სხვა მრავალ ქვეყანას გვაძლევს საშუალებას გავცვალოთ დნმ-ის მონაცემები ლაბორატორიებს შორის, რაც ყოველდღიურად ამარტივებს საერთაშორისო ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წამყვანი საექსპერტო დაწესებულებაა კავკასიის რეგიონის მასშტაბით და ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ საქართველოს მეზობელი ქვეყნები. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა სომეხმა ექსპერტებმა ბიუროს ლაბორატორიაში გაიარეს ტრეინინგ კურსი და ნება მიბოძეთ მივესალმო მათ დღეს დარბაზში.
ასევე განსაკუთრებული სიამოვნებით მინდა ავღნიშნო, რომ დნმ კვლევამ შთამბეჭდავი განვითარება განიცადა საქართველოში და აქვე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი დნმ კვლევები სწორედ ბიუროს ბიოლოგიურო ექსპერტიზის დეპარტამენტში ტარდება. უახლოეს დღეებში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განახლებული ბირთვული დნმ-ის ლაბორატორია გაიხსნება და ჩვენ ასევე ახალი მიტოქონდრიული დნმ ლაბორატორიის გახსნას ვგეგმავთ. ერთ კვირაში ბიუროს დნმ ექსპერტები გაივლიან ტრეინინგს ამ მიმართულებით.
ასევე პატივი მაქვს ავღინშნო, რომ 2009 წლიდან ბიუროს დნმ ლაბორატორია სასამართლო დნმ-ის კვლევის გარდა, ასევე დაკავებულია სამეცნიერო კვლევებითაც. ჩვენ ვიკვლევთ მუტაციებს, რომლებიც იწვევენ მემკვიდრულ დაავადებებს. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარმატებით დავასრულეთ პროექტი, რომელიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და რომლის ფარგლებშიც ჩავატარეთ კვლევა მემკვიდრულ თრომბოფილიაზე საქართველოს მოსახლეობაში - და რაც მე განსაკუთრებით მსიამოვნებს არის ის, რომ ჩვენ ვართ პიონერები ვინც იკვლევს ადამიანის მუტაციებს საქართველოში.
ქალბატონებო და ბატონებო,
მე დამჭირდებოდა რამდენიმე საათი, რომ მესაუბრა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროზე, ყველა იმ პროექტზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ჩვენს გამოწვევებზე, მოკლე და გრძელვადიან ხედვებზე, მაგრამ მე თქვენ მეტ დროს აღარ წაგართმევთ და მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ.
მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.