Image2014 წლის 23 აპრილს სასტუმრო რადისონ-ბლუ ივერიაში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს ერთობლივი თანამშრომლობით რიგით 38-ე დნმ კონფერენცია გაიხსნა.

მსგავსი დონის საერთაშორისო კონფერენციას დნმ-ის მიმართულებით საქართველო პირველად მასპინძლობს.

აღნიშნულ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებიდან 120 წარმომადგენელი ესწრება.

კონფერენცია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა გახსნა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში უცხოელმა დელეგატებმა დნმ-ის მიმართულებით უახლეს მიღწევებზე ისაუბრეს. მომხსენებლებმა პრეზენტაციები, სწორედ ბიოლოგიური ექსპერტიზის თემაზე წარადგინეს.

ექსპერტიზის დარგში ENFSI-ი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა და ის ევროპის 35 ქვეყნის 65 საექსპერტო დაწესებულებას აერთიანებს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2007 წელს ბიუროს დნმ ლაბორატორია ENFSI-ის დნმ-ის სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა, ხოლო 2011 წლის დეკემბერში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭა.

საერთაშორისო დნმ-ის კონფერენცია წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, მისი მიზანია ENFSI-ის ევროპულ ქსელში გაერთიანებული წევრების მიერ დნმ-ის კვლევის ხარისხის გაუმჯობესება, რეკომენდაციების შემუშავება, უახლესი სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა და გამოცდილების გაზიარება.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილია საინტერესო კრიმინალური შემთხვევები, სადაც დნმ-ის კვლევამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანაშაულის გახსნაში.

კონფერენციაზე ექსპერტები სასამართლო გენეტიკის ახალ მეთოდებს ეცნობიან. პარალელურად მოეწყობა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დნმ მონაცემთა ბაზის პროგრამა CODIS-ის სამუშაო ჯგუფის და დნმ პროფილირების ევროპული ჯგუფის EDNAP-ის შეხვედრებიც.

კონფერენციაზე წარმოდგენილია დნმ-ის მიმართულებით მომუშავე მწარმოებელი კომპანიები, რომლებმაც უახლესი ტექნოლოგიები წარადგინეს.

დნმ კონფერენციის საქართველოში ჩატარება მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც საექსპერტო და სამეცნიერო კუთხით, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნითაც. ENFSI-ის სრული წევრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საერთაშორისო სტანდარტების საექსპერტო დაწესებულებაა.

რიგით 38-ე დნმ კონფერენცია თბილისში 25 აპრილს დაიხურება.