Image2014 წლის მარტის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო ევროპის მაშტაბით  ჩატარებული ტესტირების შედეგების მიხედვით პირველ ადგილს იკავებს.

ანალიზის შედეგების სტატისტიკური შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმის - Z-score-ის მარტის მონაცემებით (0.1, 0.2 და 0.7 - სამი ნიმუშისათვის შესაბამისად) დადასტურდა რომ ექსპერტიზის ბიურო პირველ ადგილს ინაწილებს ტესტირებაში მონაწილე ევროპის 6 წამყვან ლაბორატორიასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ  მხოლოდ ამ ლაბორატორიებს აქვს  „Z-score"-ის მნიშვნელობები ნაკლები 1-ზე, რაოდენობრივად შესაფასებელი სამივე ნივთიერებისათვის, რაც ამგვარ ტესტირებებში საუკეთესო შედეგად ითვლება.

ბიურო ყოველწლიურად  მონაწილეობს სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI), გაერთიანებული ერების დანაშაულისა და ნარკოტიკების ორგანიზაციის (UNODC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტესტირებაში, სადაც ის მუდმივად ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს .

2013 წლის დეკემბრის თვეში ბიუროში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა 4 საანალიზო ნიმუში ყოველწლიური პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად. აღნიშნულ ტესტირებაში ევროპული ქვეყნების 66-მა ლაბორატორიამ მიიღო მონაწილება.

ENFSI-ს პროფესიული ტესტირება  უცნობი შემადგენლობის ფხვნილებსა და სითხეებში ნარკოტიკული საშუალებების თვისებრივი/რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრას გულისხმობს. ტესტირებისთვის, როგორც წესი, ირჩევა რთული ნარევები, რომელთა რაოდენობრივი შეფასება დაკავშირებულია ნარევის კომპონენტთა რთულ ქრომატოგრაფიულ კვლევებთან. ამასთან, 2013 წლის ტესტირებაში ჩართული იყო  ახალი ნარკოტიკული საშუალებები - JWH-081, JWH-122, JWH-210 - სინთეზური კანაბინოიდები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არ შედის აკრძალულ ნივთიერებათა სიაში. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს ექსპერტებმა სწორად შეაფასეს ამ ნივთიერებების თვისებრიობა, ხოლო რთული ნარევების (მცენარე Cannabis sativa-ს მშრალი ფხვნილისებური მასა, Cannabis sativa-ს შემცველი სითხე და ნარკოტიკული საშუალება MDMA) შემთხვევაში - მათი თვისებრიობა და რაოდენობრივი შემცველობაც.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ უკვე მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ტესტირებაში, ამ წლების განმავლობაში ბიურო მუდმივად წამყვან პოზიციებს იკავებს.