Imageდღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუმრებს, რომელთა შორისაც იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ისრაელის, ფილიპინების, ესტონეთის, ჩინეთის, ლიტვის, იაპონიის, ჩეხეთის, ესპანეთის, რუმინეთის საკონსულოების წარმომადგენლები, მასპინძლობა  ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა გაუწია.

ბიუროს უფროსმა უცხოელ დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საქმიანობის შესახებ და  ბიუროში განთავსებული ლაბორატორიები დაათვალიერებინა.

სტუმრებმა საერთაშორისო სტანდარტების ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა და მცენარეთა, ნავთობპროდუქტების, კრიმინალისტიკური და დნმ ლაბორატორიები დაათვალიერეს, გაეცნენ ლაბორატორიების საქმიანობის სპეციფიკურობას და მიიღეს ინფორმაცია ბიუროს სამომავლო გეგმების შესახებ.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უნიკალურია რეგიონის მასშტაბით თანამედროვე ლაბორატორიებითა და ექსპერტიზის სახეობის მრავალფეროვნების კუთხით. აღსანიშნავია, რომ   ბიურომ აკრედიტაცია ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით გაიარა;

ISO/IEC 17025-ის მიღებული აკრედიტაცია ადასტურებს, რომ ბიუროში ფუნქციონირებს ხარისხის სისტემა საექსპერტო-კვლევითი საქმიანობისთვის, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში ექსპერტიზის შედეგების სიზუსტეს და ვალიდურობას;

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო  ხშირად უწევს ორგანიზებას მსგავსი სახის შეხვედრებს  რათა მაქსიმალურად  ღია და ხელმისაწვდომი გახდეს ბიუროს საქმიანობის შესახებ  ინფორმაცია საზოგადოებისთვის.