სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებისთვის სამდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს.ტრენინგის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული სპეციალისტები ქეთრინ ნიკოლადესი და ჯოზეფ უილიამი ბიუროს ექსპერტებს შეასწავლიან ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ექსპერტები ასევე გაეცნობიან სხვადასხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებულ ელექტრონული ხელმოწერის მოწყობილობების სპეციფიკას.
აღნიშნული ტრენინგი უკავშირდება საქართველოს ეროვნული ბანკის, სსიპ. სახელმწიფო სერვისების სააგენტოსა და სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ურთიერთთანამშრომლობით საბანკო სექტორში ინოვაციურ პროექტს, ქართულ საბანკო სისტემაში მომსახურების ახლი ფორმის - ელექტრონული ხელმოწერის ამოქმედებას.
ბიურო თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელებაში. მაღალკვალიფიციური და კონკრეტულად ამ მიმართულებით გადამზადებული ექსპერტების დახმარებით კი გამოთქვამს მზადყოფნას სადავო საკითხის წარმოშობის შემთხვევაში, რაც შეიძლება ექსპერტიზის საფუძველი გახდეს, ნებისმიერი მხარის მომართვის დროს (ბანკი, საგამოძიებო ორგანო თუ ბანკის კლიენტი), ჩაატაროს ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისი ექსპერტიზა და მოახდინოს ხელმომწერი პირის იდენტიფიცირება.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ხელწერის ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, ახალი მეთოდიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტენიკური საშუალების გამოყენებით, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შესწავლით, შესაძლებელი იქნება ელექტრონული ხელმოწერის გამოკვლევა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება. აღნიშნული ექსპერტიზა ისეთ სიახლეს წარმოადგენს, რომლის შესრულებაც საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია შესაძლებელი.