2014 წლის 17 თებერვალს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.ქალაქ სიეტლში ექსპერტიზის ბიუროს უფროსთან გიორგი თვაურთან ერთად, ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი და ხარისხის მართვის სამმართველოს უფროსი უჩა მარგველაშვილი გაემგზავრნენ.
ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის სასამართლო ექსპერტიზის აკადემიის რიგით 66-ე სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებებს აძლევს საშუალებას ერთმანეთს გაუზიარონ უახლესი მიღწევები ექსპერტიზის დარგში. ამავე კონფერენციის ფარგლებში იმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ყველა მსოფლიოს თითქმის ყველა კომპანია, რომლებიც საექსპერტო კვლევებში გამოსაყენებელი აპარატურის წარმოებით არის დაკავებული.
კონფერენციის ფარგლებში, ქართველი ექსპერტები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ექსპერტიზის დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ გამართულ სამეცნიერო სემინარებში.
უცხოელ და ქართველ კოლეგებს შორის მოხდება გამოცდილების გაზიარება და განიხილება სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.
აშშ-ში ყოფნის განმავლობაში ქართველი დელეგატები სასამართლო ექსპერტიზის სფეროში მომუშავე მეცნიერების ნაშრომებს და უახლეს მეთოდებს გაეცნობიან.
ამერიკის სასამართლო ექსპერტიზის აკადემიის რიგით 66-ე სამეცნიერო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება.