Image2014 წლის 2 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობაში, სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოში მიმდინარეობს სასწავლო კურსი: თანამედროვე მეთოდიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება ფონოსკპიური ექსპერტიზის წარმოებისათვის. კურსი მოიცავს მეტყველების ფონოგრამათა აუთენთურობის დადგენას, ხმისა და მეტყველების მიხედვით სასამართლო-კრიმინალისტიკურ იდენტიფიკაციას.

ბიუროს ექსპერტებისთვის, ტრენინგს ირლანდიური კომპანია "ACUSTEK" -ის საექსპერტო დეპარტამენტის, ფონოსკოპიური სამმართველოს უფროსი, ექსპერტი ივან საპაროვი ატარებს.

სერტიფიცირებული კურსის ფარგლებში ექსპერტები შეისწავლიან  კომპლექსური ანალიზის ექსპერტულ მეთოდებს, რომლებიც დანერგილია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ეყრდნობა მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევებს.           

საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია შესაძლებელი კომპლექსური ანალიზი, რომელიც მოიცავს აუდიტორულ-ლინგვისტურ და ინსტრუმენტალური ანალიზის მეთოდებს (მათ შორის ენისგან დამოუკიდებელი ფორმანტული შედარების მეთოდს). შესაძლებელია თანამედროვე მეთოდებით მეტყველების ფონოგრამათა აუთენთურობის დადგენა, ხმოვანი ფაილების MP3 ფორმატში კოდირებისა და რედაქტირების კვალის გამოვლენა,  რედაქტირებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფებით განხორციელებული ფონოგრამის სიგნალის პარამეტრების ცვლილებების კვალის გამოვლენა.   

ტრენინგის დასრულების შემდეგ ექსპერტებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემათ.

ბიურო მუდმივად ზრუნავს, მომხმარებლისთვის ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურების მიწოდებაზე, რისი ერთ-ერთი დადასტურებაა ბიუროს ექსპერტების მუდმივი გადამზადება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.