11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, გენეტიკის დოქტორი, ქალბატონი ნინო ყოჩიაშვილი და ამავე დეპარტამენტის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი, სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ფიცხელანი, ქალაქ ვენაში გამართულ თრომბოზისა და ჰემოსტაზის კვლევის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ 58-ე კონგრესს დაესწრებიან.ქართველი ექსპერტები კონგრესზე წარადგენენ პოსტერ პრეზენტაციას „ღრმა ვენების თრომბოზის ლოკალიზაცია მემკვიდრული თრომბოფილიის მქონე პაციენტებში".
ვენის კონგრესი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. იგი საერთაშორისო მასშტაბისაა და მსოფლიოში წამყვან ანგიოლოგებს, ჰემატოლოგებს, გენეტიკოსებს და ქირურგებს აერთიანებს.
თრომბოზისა და ჰემოსტაზის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ვენის კონგრესში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ფართო ასპარეზზე იქნას გატანილი ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, და მსოფლიოში წამყვანი ექსპერტების გამოცდილება წარმატებით იქნას დანერგილი ბიუროს ყოველდღიურ საქმიანობაში.
ბიუროს ექსპერტების ვიზიტს ვენაში, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ ფონდიდან ბიუროს სხვადასხვა მიმართულებით ოთხი სამეცნიერო გრანტი აქვთ მოპოვებული, რომელიც წარმატებით ხორციელდება.