ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის (INL) ორგანიზებით და დაფინანსებით ჩატარებული ტრენინგის ორეტაპიანი კურსი დასრულდა და მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.ლიდერობის ტრენინგი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა, პირველმა მოადგილემ და რამდენიმე თანამშრომელმა გაიარეს.
ტრენინგის კურსში აგრეთვე ჩართულები იყვნენ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ზედა რგოლის თანამშრომლები,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლები და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.
ტრენინგები ორ ეტაპად ჩატარდა - 23-24 იანვარსა და 27-28 იანვარს.
სასწავლო კურსს უძღვებოდა მეცნიერებათა დოქტორი მაიკლ ერიკ სიგალი. იგი არაერთი ნაშრომისა თუ წიგნის ავტორია ლიდერობის მიმართულებით და ჩატარებული აქვს ტრენინგ კურსები მოსამართლეებისთვის და კონგრესმენებისთვის ა.შ.შ-ში.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვით პროგრამასთან. აღსანიშნავია, რომ პროგრამის დახმარებით რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა ბიუროს ცენტრალურ ოფისს, სრულად აღიჭურვა დნმ ლაბორატორია და სხვადასხვა ლაბორატორიებისთვის შეძენილ იქნა უახლესი აპარატურა.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების დანერგვაში და სერტიფიკატის მიღებაში დიდი წვილილი შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკულმა და სამართალდაცვითმა პროგრამამ (INL Program).
INL-საქართველოს ორგანიზებით არაერთი სასწავლო კურსი ჩატარდა, როგორც ჩვენი ბიუროს თანამშრომლებისთვის, ისე სხვა უწყებების წარმოამდგენლებისთვის.