კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ბიურო მომხმარებელს არაერთ სერვისს სთავაზობს, მათ შორის მოსახლეობისათვის საინტერესო და ღირებულ ინფორმაციას წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების ექსპერტიზა.ხშირია შემთხვევები, როცა ბაზარზე მომხმარებელს ფალსიფიცირებულ ალკოჰოლიან სასმელს აწვდიან. ასეთი სასმელების დამზადება კუსტარული წესით ხდება, რა დროსაც იყენებენ სპირტს და საღებავ ნივთიერებებს. დამზადებისას გამოყენებულმა სპირტმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას და საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს. განსაკუთრებით საშიში არის მეთილის ანუ ე. წ. ხის სპირტი, რომლის მცირე რაოდენობა სიბრმავეს, ხოლო დიდი რაოდენობა ლეტალურ გამოსავალს იწვევს.
სასმელების ფალსიფიკაციის დასადგენად ბიურო არაერთ კვლევის მეთოდს მიმართავს. მოწმდება როგორც პროდუქციის ხარისხობრივი, ასევე უვნებლობის მაჩვენებლები. პროდუქციის შესაბამისობა სტანდარტით დადგენილ ნორმებთან, ეტიკეტის მონაცემებთან და სხვა. კვლევის დროს სამმართველო იყენებს ულტრათანამედროვე აპარატურას, კერძოდ:
- ეთილის სპირტის, აქროლადი მჟავიანობის ანალიზი ტარდება ავტომატურ გამოსახდელ აპარატზე - Gibertini Elettronica Super DEE;
- ეთილის სპირტის რაოდენობრივი შემცველობა, დაყვანილი ექსტრაქტი ჰიდროსტატიკურ სასწორზე - Gibertini Elettronica Super Alcomat;
- ორგანული მჟავების, ხელოვნური დამატკბობლების, ხელოვნური კონსერვანტების, შემცველობა, ანტოციანების სპექტრი ულტრაეფექტურ-თხევად ქრომატოგრაფზე - Waters corporation;
- ეთერების, უმაღლესი სპირტების, მეთანოლის, ალდეჰიდების შემცველობა გაზურ ქრომატოგრაფზე - Agilent technologies HP 6890;
- მძიმე მეტალების შემცველობა ატომურ ადსორბციულ სპექტროფოტომეტრზე და Agilent 7700 Series ICP-MS-ზე;
2014 წლიდან კვების სამმართველოს გეგმაშია მუშაობის დაწყება ღვინის მონაცემთა ბანკის შექმნაზე. როგორც ცნობილია, საქართველოში არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც გაწერილი იქნება თუ რა ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით ხასიათდება საქართველოში დამზადებული კონკრეტული დასახელების ღვინო, რით არის იგი უნიკალური და განსხვავებული სხვა ღვინისაგან. ეს საკითხი აქტუალობას განსაკუთრებით მაშინ იძენს, როცა საქმე სპეციფიკური მიკროზონის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს ეხება. რადგან სწორედ ადგილწარმოშობის ღვინო არის გაყალბების ხშირი სამიზნე. სამომხმარებლო ბაზარზეც ხშირად მოხვედრილან სხვადასხვა ადგილებში დამზადებული და ჩამოსხმული ღვინოები ეტიკეტით "ხვანჭკარა" ან "ქინძმარაული".
მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების და ღვინის ნატურალობის დადგენის გაუმჯობესების მიზნით ევროპული კომისიის ინიციატივით 2002 წელს დაიწყო პროექტი ღვინის მონაცემთა ბანკის დაარსების შესახებ. ეს პროექტი მოიცავს ევროკავშირის ოფიციალურ და კერძო ლაბორატორიებს. პროექტის ფარგლებში ათასობით ღვინო იქნა გაანალიზებული. თითოეულ ნიმუშში გაკეთდა 100-მდე მაჩვენებელი.
კვების სამმართველოში ღვინის ნიმუშში გაანალიზდება და დადგინდება მინერალური, მიკროელემენტების შემცველობა ICP-MS-ის გამოყენებით; აქროლადი და ნახევრად აქროლადი კომპონენტების (ე.წ. ღვინის მეტაბოლომიკების) ანალიზი SPME-GC-TOF-MS მეთოდის გამოყენებით; შეიქმნება ქართული ღვინოების მონაცემთა ბაზა; რომლის დახმარებით შესაძლებელი გახდება ღვინის წარმომავლობის დადგენა და მისი სახეობრივი მიკუთვნება;
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა პროფესიონალიზმი არის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის მაღალი სანდოობისა და ხარისხის გარანტი. ბიუროს კვების სამმართველო აკრედიტირებულია ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. სამმართველო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაგანაც ორი მეცნიერებათა კანდიდატია, ხოლო სამს მინიჭებული აქვს ექსპერტ-კრიმინალისტის კვალიფიკაცია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო იცავს მომხმარებელს ფალსიფიცირებული, უხარისხო და მავნე პროდუქტისაგან.