დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოქალაქისთვის ექსპერტიზის დანიშნვაზე უარის თქმას, განვმარტავთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, 8 იანვარს, დაახლოებით 20.40 სთ-ზე გამოცხადდნენ მოქალაქეები, რომლებმაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტისგან მოითხოვეს შემოწმების ჩატარება. მათ ექსპერტის მიერ განემარტათ, რომ მსგავსი შემოწმების ჩატარება ძირითადად ხდება დღის განმავლობაში სამუშაო საათებში (09.30 - 18.30სთ).მოქალაქემ მოითხოვა მისთვის 5 წუთის წინ მიყენებული დაზიანების ზუსტი ხანდაზმულობით დაფიქსირება იმ მოტივით, რომ შემდგომში დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელი იქნებოდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მოქალაქეს განუმარტა, რომ მსგავსი სიზუსტით დაზიანების ხანდაზმულობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გზით არ დგინდება, რომ დაზიანებების ხანდაზმულობის შეფასება არის მიახლოებითი და დაზიანებების არსებობის შემთხვევაში ისინი იარსებებს მეორე დღესაც, ისევე როგორც შემდგომ პერიოდში. მოქმედი ფორმით, მეორე დღით შემოწმებისას ხანდაზმულობაზე მსჯელობა არ წარმოადგენდა არანაირ სირთულეს, მითუმეტეს, რომ მოქალაქის განმარტებით 5 წუთის წინ მიღებულ დაზიანებებს სჭირდება გარკვეული პერიოდი ჩამოსაყალიბებლად (ზოგიერთი დაზიანება შესაძლოა რამოდენიმე საათში გამოიკვეთოს და დროის ასეთ მოკლე პერიოდში, 5 წუთში, არ გამოიკვეთოს სხეულზე) და გაუგებრობის და შემდგომში უსაფუძვლო პრეტენზიებისა და ეჭვების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეს შეეძლო შესამოწმებლად გამოცხადებულიყო დილიდან და დღის განათების პირობებში მოხდებოდა მისი გამოკვლევა.
ამასთანავე, ექსპერტმა მოსთხოვა მოქალაქეს წარმოედგინა ექსპერტიზის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი - მომართვა (დადგენილება) ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, სადაც მიუთითებდა აღნიშნულ გარემოებებს მოქალაქის დილით გამოსაკვლევად. მოქალაქეს არ აღმოაჩნდა ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ მომართვა. მოქალაქის განცხადებით, იგი წარმოადგენდა ექსპერტიზის ჩასატარებლად საგამოძიებო უწყებიდან მომართვას, რადგანაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნულის შემდეგ მოქალაქეებმა დატოვეს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მომართვით (დადგენილებით) აღარ გამოცხადებულან.
მოგახსენებთ, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო მომსახურების მისაღებად შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა პირმა კერძო განცხადებით და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფებით მიიღოს სერვისი კერძო ხელშეკრულების საფუძველზე. ბიუროს მიერ საექსპერტო საქმიანობის წარმოებისას 24 საათიანი მომსახურების რეჟიმით კერძო პირებისთვის უზრუნველყოფილია ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს სერვისის მიწოდება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევისთვის დროის ფაქტორი (წუთები, საათები) გადამწყვეტია მოქმედი საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე. ყველა სხვა საექსპერტო მომსახურების მიღებაზე ხელშეკრულების გაფორმება წარმოებს სამუშაო დღის (09.30-18.30 სთ) პერიოდში.