Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სომხეთის საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და სომხეთის წარმომადგენლებს შორის 2013 წლის მარტში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სომხური დელეგაციის წევრებმა ტრენინგი გაიარეს.
ტრენინგი ორი კვირა გაგრძელდა და დღეს მონაწილეებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.
ტრენინგის ფარგლებში სომხეთის საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლებმა ანდრანიკ მანველიანმა, არპინე ნავასარდიანმა და ანა ჰოკჰანნისიანმა დნმ ექსპერტიზის ჩატარების სპეციფიკა შეისწავლეს. ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
დნმ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესები;
კონტამინაციის (სხვა დნმ-თი დაბინძურება) პრევენცია;
დნმ ნიმუშების აღება, შენახვა და გამოყენება;
დნმ ანალიზის პროცედურები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
დნმ შედეგების ინტერპრეტაცია;
სასამართლოზე დნმ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის უნარ-ჩვევები.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონში წამყვანი საექსპერტო დაწესებულებაა. თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მატერიალური ბაზისა და კვალიფიციური ექსპერტების დამსახურებით, ბიუროში ისეთი კვლევები ტარდება, რომლებიც ხშირ შემთვევაში უნიკალურია რეგიონში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ექსპერტიზის ყველა დარგში და თავადაც მზად არის თავისი გამოცდილება მეზობელი ქვეყნების კოლეგებს გაუზიაროს.